აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა დამატებით 800 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიიღებს.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს მძიმე შეიარაღებას - ათობით ქვემეხს, ტაქტიკურ დრონებს და 144 ათას ერთეულ საბრძოლო მასალას. ამრიგად, აშშ-სგან უკრანისთვის სამხედრო დახმარების მოცულობა 3,2 მლრდ დოლარამდე გაიზრდება.
წინა ამავე ღირებულების პაკეტი მოიცავდა საარტილერიო სისტემებს, ჭურვებს, ჯავშანტრასპორტიორებსა და ვერტმფრენებს.
ბაიდენმა გამოსვლისას კონფლიქტში "კრიტიკული ფანჯრის" შესახებ განაცხადა, ვინაიდან რუსეთი ომის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება, რომლისთვისაც გეოფრაფიული თავისებურების გამო აუცილებელია სხვა ტიპის იარაღი.
ამერიკის პრეზიდენტი აპირებს მომავალ კვირას კონგრესს მიმართოს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებითი ბიუჯეტის გამოყოფასთან დაკავშირებით, რადგან უკრაინისთვის მანამდე დამტკიცებული ბიუჯეტი იწურება.
"მომავალ კვირას კონგრესს გავუგზავნი მოთხოვნას დამატებითი ბიუჯეტის შესახებ, რათა შევინარჩუნოთ იარაღისა და საბრძოლო მასალის უწყვეტი ნაკადი მამაცი უკრაინელი მებრძოლებისთვის", - განაცხადა ბაიდენმა.
ამასთან, ბაიდენმა განაცხადა კიდევ 500 მლნ დოლარის გამოყოფის შესახებ უკრაინის ხელისუფლების პირდაპირი ეკონომიკური დახმარებისთვის.
მისი თქმით, უკრაინის მთავრობამ აღნიშნული თანხა შეიძლება გამოიყენოს ეკონომიკის სტაბილიზაციისათვის, მოსახლეობის დახმარებისა და ხელფასების გადახდისთვის.