დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის გახდა.
მონარქის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ბუკინგემის სასახლე სოციალურ ქსელში 1928 წელს გადაღებულ, ორი წლის პრინცესა ელისაბედის ფოტოს აქვეყნებს.
"გილოცავთ დაბადების დღეს თქვენო უდიდებულესობავ! დღეს, როდესაც დედოფალი 96 წლის ხდება, ჩვენ გიზიარებთ 2 წლის პრინცესა ელისაბედის ფოტოს. 1928 წელს არავინ ელოდა, რომ ის დედოფალი გახდებოდა, წელს კი მისი უდიდებულესობა აღნიშნავს პლატინის იუბილეს - პირველი ბრიტანეთის ისტორიაში", - ნათქვამია შეტყობინებაში.
დედოფალი ელისაბედი დაბადების დღეს სანდრინგემის მამულში, ნორფოლკის საგრაფოში აღნიშნავს.
ელისაბედ უინძორი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე ავიდა მამის, მეფე ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს.
ბრიტანეთის დედოფლის დაბადების დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება. მეორე დაბადების დღის თარიღი კი ტრადიციულად ივნისის მეორე შაბათს აღინიშნება.
წელიწადში მონარქების დაბადების დღის ორჯერ აღნიშვნას საფუძველი 1748 წელს ჩაეყარა. მაშინდელმა მეფემ ედუარდ მეშვიდემ ტახტზე ასვლისას დაბადების დღის თარიღი შეცვალა, მონარქი 9 ნოემბერს დაიბადა, რადგან ამ დროს ბრიტანეთში საკმაოდ ცივა, გადაწყვიტა ოფიციალური ზეიმი ზაფხულისთვის გადაედო.
მას შემდეგ ამ დღეს შენობებზე აღიმართება სახელმწიფო დროშები, ქუჩები კი ყვავილებით ირთვება. ეს დღე ქვეყანაში უქმე დღედ არის გამოცხადებული.