26 ნოემბერს ინფორმაციის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს ინიციატივა ეკუთვნის ინფორმაციის საერთაშორისო აკადემიას, რომელსაც გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოებში გენერალური საკონსულტაციო სტატუსი გააჩნია.
ინფორმაცია, ფართო გაგებით - არის ცნობები, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთს გადასცემენ წერილობით ან სხვა მეთოდით (მაგალითად, პირობითი სიგნალების, ტექნიკური საშუალებების მეშვეობით და სხვ.), ასევე ამ ცნობების გადაცემის ან მიღების პროცესი.
ინფორმაცია კაცობრიობის ისტორიაში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. თუმცა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან, სოციალური პროგრესის და მეცნიერებისა და ტექნიკის ერთბაშად განვითარების შედეგად ინფორმაციის როლი განუხრელად გაიზარდა. გარდა ამისა, ზვავივით მატულობს სხვადასხვაგვარი ინფორმაციის მასა, რამაც "ინფორმაციული აფეთქების" სახელწოდება დაიმკვიდრა.