რუსი გენერალი სერგეი კობილაში, რომელიც მარიუპოლის დაბომბვებს ხელმძღვანელობდა, 2008 წელს საქართველოს ქალაქებს ბომბავდა. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციაში.
უწყებისვე ცნობით, სერგეი კობილაში წარმოშობით ოდესიდან არის. „მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, პირველად მძიმე ბომბდამშენებით მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიის - ქალაქ მარიუპოლის ხალიჩისებური დაბომბვა, კობილაშის ხელმძღვანელეობით განხორციელდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაზვერვის ცნობით, კობილაში მეთაურობდა რუსულ ავიაციას სირიაში, სარაკეტო დარტყმებს აყენებდა ქვეყნის ტერიტორიებს, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში უდიდესი მსხვერპლი გამოიწვია. აღნიშნული საერთაშორისო საზოგადოების მიერ კვალიფიცირებული იყო, როგორც სამხედრო დანაშაული.
ის ასევე მონაწილეობდა რუსეთის აგრესიაში საქართველოს წინააღმდეგ. როგორც 368-ე მოიერიშე საავიაციო პოლკის მეთაური, კობილაში ხელმძღვანელობდა მისი დაქვემდებარების ქვეშ მყოფთა ქმედებებს და პირადად, როგორც პილოტი, ბომბავდა საქართველოს ქალაქებს. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისთვის პუტინმა მას „რუსეთის გმირის“ წოდება მიანიჭა.
ამის გარდა, მან შეასრულა ათობით საბრძოლო გაფრენა და მონაწილეობდა ჩეჩნეთის დაბომბვებში, მათ შორის აკრძალული კასეტური და ვაკუუმური ბომბებით.