შეიძლება, ეს იყოს ჩემი ბოლო განცხადება, რადგან სულ რამდენიმე დღე, ან თუნდაც საათი გვაქვს დარჩენილი, – ამის შესახებ უკრაინის არმიის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელმა, სერჰი ვოლინამ, რომელიც "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფება, CNN-თან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
ვოლინამ მსოფლიო ლიდერებს მიმართა, უზრუნველყონ დერეფანი მარიუპოლის დამცველებისა და ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის.
"მოგმართავთ, რომ გადაგვიყვანოთ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე და უზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება", - განაცხადა ვოლინამ.
მისი თქმით, "აზოვსტალის" ქარხანაში მდგომარეობა კრიტიკულია, რადგან დიდი რაოდენობით დაჭრილ ჯარისკაცებს შეზღუდული სამედიცინო დახმარების გამო შესაბამისი მკურნალობა ვერ უტარდებათ.
ვოლინას თქმით, ქარხნის ტერიტორიაზე დაახლოებით 500 დაჭრილი სამხედრო და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება.
მსგავსი შინაარსის ვიდეომიმართვა ვოლინამ ფეისბუკითაც გაავრცელა.