უკრაინის აღმოსავლეთით რუსეთის საოკუპაციო არმიის შეტევითი ოპერაციის განახლების ფონზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინას დამატებით საარტილერიო სისტემებს ჰპირდება.
ჯო ბაიდენს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა უკრაინისთვის დამატებითი საარტილერიო სისტემის მიწოდებას, რაზეც მან თანხმობით უპასუხა.
მოგვიანებით, პრეზიდენტის განცხადება დაადასტურა თეთრმა სახლმაც.
"ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ უკრაინისთვის დახმარების გაწევა უსაფრთხოების სფეროში, ასევე ვაგრძელელებთ ეკონომიკური დახმარებასა და მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისთვის", - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ლონდონი გაზრდის დახმარებას უკრაინისთვის და მიაწვდის მას საარტილერიო სისტემებს იმ სიტუაციაში, როდესაც "კონფლიქტი ძალიან საშიშ ეტაპზეა".
დასავლეთის მოკავშირეებთან ვიდეო ზარის შემდეგ თემთა პალატაში გამოსვლისას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ "პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება, გამარჯვებას მიაღწიოს.
"აქედან გამომდინარე, ჩვენ ვზრდით სამხედრო ტექნიკის მიწოდებას, რომელიც უკრაინელებს ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ", - თქვა ჯონსონმა და დასძინა, რომ "კონლიფქტი საარტილერიო დაპირისპირების ფაზაში გადავიდა".
" უკრაინას სჭირდება საარტილერიო მხარდაჭერა და ეს არის ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ მათ გავუწევთ... სხვა მრავალი სახის დახმარებასთან ერთად", - თქვა მან.