მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხანა დაბომბილი და ფაქტობრივად განადგურებულია. ამის შესახებ "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა ("კალინა") "რადიო თავისუფლების" უკრაინულ ბიუროსთან განაცხადა.
"ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ თოთოეულ დარჩენილ ვაზნას. მაგრამ ჩვენ მოვუწოდებთ სამშობლოს, გადაარჩინონ მშვიდობიანი მოქალაქეები, დაჭრილები და გაიტანონ ცხედრები", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, ქარხანა ზემძლავრი ბომბებით იბომბება, ნანგრევების ქვეშ კი ძალიან ბევრი ხალხია.
რუსეთმა "აზოვსტალის" ტერიტორიაზე გამაგრებულ მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს იარაღის დაყრისა და დანებებისკენ დღეს კვლავ მოუწოდა. მათ მოსკოვის დროით 14:00-დან 16:00 საათამდე პერიოდში უნდა დაეყარათ იარაღი და "აზოვსტალის" ტერიტორია დაეტოვებინათ, მაგრამ მათ მოწინააღმდეგის ამ წინადადებაზე უარი თქვეს.
გუშინ, 18 აპრილს, მარიუპოლის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, მიხაილ ვერშინინმა CNN-ს განუცხადა, რომ "აზოვსტალის" ტერიტორიას 1000 მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს.