დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობის პრიორიტეტები გრძელვადიანი უნდა იყოს, რადგან "ჩვენ ვდგებით რუსეთის აგრესიის ეკონომიკური შედეგების წინაშე".
ბრიტანეთის პრემიერმა ასევე თქვა, რომ ის ეძებს გზებს, რათა დაძლიოს ეს გავლენა ბრიტანეთის ენერგეტიკულ ფასებსა და საყოფაცხოვრებო ბიუჯეტზე.
ჯონსონის თქმით, მთავრობის მხარდაჭერა დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ხელს შეუწყობს "პუტინის ნავთობზე და გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტას და გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო იაფი ენერგიის უზრუნველყოფას".
ჯონსონმა პირობა დადო, რომ ბრიტანეთის ენერგია უფრო მწვანე, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო გახდება ქარის ენერგიის გაფართოებით, ახალი ატომური რეაქტორების აშენებით და მოკავშირეებთან ძალების გაერთიანებით "პუტინის აგრესიასთამ დასაპირისპირებლად“.
ჯონსონის განცხადებით, მან დაარწმუნა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს უკრაინას მისცენ იარაღი, რომელიც საჭიროა რუსეთის თავდასხმის დასაპირისპირებლად.
ჯონსონის თქმით, მისი მიზანია უკრაინის იმ დონემდე გაძლიერება, როდესაც რუსეთი შეჭრას ვეღარასდროს გაბედავს.