დღეს, 26 ნოემბერს, სასტუმრო "ამბასადორში" CENN-ისა და ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის (OECI) მიერ ორგანიზებული კონფერენცია დასრულდება.
კონფერენცია 25 ნოემბერს გაიხსნა. კონფერენციის პირველი დღე დაეთმო ბუნებრივი კატასტროფების მართვის სფეროში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების ანალიზს, რომელსაც საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად საჯარო პირებიც წარმოადგენენ. აქცენტი გაკეთდა ბუნებრივი კატასტროფების ყველაზე მაღალი რისკის ობიექტებზე, ასევე ეკომიგრანტების, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მუნიციპალური გეგმების, გზის რეაბილიტაციის, სახელმწიფო საზღვრების, შავი ზღვის სანაპირო ზოლის შენარჩუნების საკითხებზე, საკანონმდებლო ხარვეზებისა და ბიუჯეტის განხილვაზე.
კონფერენციის მეორე დღე, რომლის ორგანიზებაშიც OECI -ისთან ერთად კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრია (CTC) ჩართული, ეთმობა საზოგადოებრივ და სახელმწიფო ინიციატივებს საქართველოს რეგიონებში. ბუნებრივი კატასტროფების მართვასთან ერთად განიხილება კონკრეტული წინადადებები ადამიანის უფლებების, ტურიზმის, დაცული ტერიტორიების, კულტურული მემკვიდრეობისა და სოფლის მეურნეობის სფეროში.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა, რეგიონული განვითარების, შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, კულტურის სამინისტროების, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელები.
ინიციატივა ხორციელდება ევროკომისიის (EC) დაფინანსებით "საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების და სიღარიბის შემცირებისათვის ადგილობრივი შესაძლებლობების გაზრდა, სტრუქტურული დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარება" _ პროექტის ფარგლებში.