დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას მიაწვდის. ამის შესახებ ჯონსონი სოციალურ ქსელში წერს.
"დღეს შუადღისას [16 აპრილს] ჩემს მეგობარს, ზელენსკის ვესაუბრე და ვაცნობე, რომ უახლოეს დღეებში უკრაინა ბრიტანეთისგან დამატებით სამხედრო დახმარებას მიიღებს. დიდ ბრიტანეთს არაფერი შეაჩერებს, რომ უკრაინას რუსეთის თავდასხმებისგან დასაცავად საკმარისი რესურსი მისცეს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - წერს Facebook-ზე ბრიტანეთის პრემიერი.
16 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლონდონის სანქციების საპასუხოდ, მოსკოვი რუსეთში შესვლას უკრძალავს ბრიტანეთის მთავრობის მესვეურებს.
კრემლის განცხადებით, ე.წ. შავ სიაში შევიდნენ ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, საგარეო საკითხთა მდივანი ლიზ ტრასი, თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი, ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მდივანი დომინიკ რააბი, ხაზინის მდივანი რიში სუნაკი, საშინაო საკითხთა მდივანი პრიტი პატელი და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი.
შეგახსენებთ, დასავლური მედიის ცნობით, კრემლმა საპროტესტო ნოტით მიმართა შეერთებულ შტატებსა და ჩეხეთს და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა მოსთხოვა. პრაღა და ვაშინგტონი მოსკოვის მოთხოვნის გათვალისწინებას არ აპირებენ.