აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა, 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდეს. ინფორმაციას CNN -ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ბლინკენმა შეშფოთება გამოთქვა იმის შესახებ, რომ კონფლიქტი, შესაძლოა, გაჭიანურდეს, "თუმცა მისი ყველა ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს".
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ საომარი მოქმედებები თვეობით, ან უფრო დიდ ხანს გაგრძელდება. ორმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა კი ივარაუდა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები, შესაძლოა, გაგრძელდეს ოთხიდან ექვს თვემდე, შემდეგ კი კონფლიქტის მხარეები ჩიხში შევიდნენ.
ექსპერტებს, რომლებსაც CNN ესაუბრა, უჭირთ ომის დასრულების შესახებ პროგნოზების გაკეთება, თუმცა რამდენიმე ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ არ ჩანს ნიშნები იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გაჩერდება. მათი აზრით, ნაკლებსავარაუოდოა, რომ პუტინმა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს მიმართოს, თუ სამხედრო დამარცხებას არ წააწყდება. CNN აღნიშნავს, რომ შეჭრის შემდეგ რუსეთი ფიქრობდა, რომ გამარჯვებას სწრაფად მოიპოვებდა, ახლა მისი შესაძლებლობების შეფასება კი მნიშვნელოვნად შეიცვალა.