ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ პირველ რიგში მეგრულისა და სვანურისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო ენის დღე ეკუთვნის იმ უმნიშვნელოვანესი თარიღების რიგს, რითაც საქართველომ შეძლო საკუთარი მეობის შენარჩუნება, სახელმწიფოებრიობის გადარჩენა და გაძლიერება და რითაც დღემდე მოვიდა,
„ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა, გადარჩენისთვის ზრუნვა, რამეთუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ პირველ რიგში მეგრულისა და სვანურისთვის“, - თქვა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართული კულტურის წინააღმდეგ ომს რუსეთი აგრძელებს დღეს აფხაზეთში.
„რუსული საოკუპაციო რეჟიმის შედეგად აფხაზეთში ერთნაირად იზღუდება როგორც აფხაზური, ასევე ქართული ენა. წლიდან წლამდე მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი. გალსა და მიმდებარე სოფლებში კი მცხოვრებ ქართველებს ეკრძალებათ ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღება",- თქვა პრეზიდენტმა.