"რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას 22 თებერვალს გეგმავდა და მისი მთავარი მიზანი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაცია იყო", - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ოლექსი დანილოვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ გავიგეთ, თუ რა მოხდებოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, უფრო მეტიც, თავდაპირველად, თავდასხმის თარიღი იყო არა 24 თებერვალი არამედ, 22 თებერვალი. სწორედ ამ დღეს აპირებდნენ, რომ თავს დასხმოდნენ ჩვენს ქვეყანას. ერთადერთი რასაც არ ველოდით, იყო ბელარუსიდან თავდასხმა. იყო ამაზე მსჯელობა, მაგრამ შემდეგ წავიკითხეთ, რომ სხვაგვარად იქნებოდა. მაგრამ ეს მოხდა ისე, როგორც მოხდა", - თქვა დანილოვმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას არ შეეძლო, გამოსულიყო და საჯაროდ ეთქვა, რომ ომი დაიწყებოდა.
"არ შეგვეძლო გამოვსულიყავით და მოსახლეობისთვის საჯაროდ გვეთქვა: მეგობრებო, ომი 22 თებერვალს დაიწყება, ეს მიუღებელია საჯარო მმართველობის თვალსაზრისით. მაგრამ ჩვენ ვემზადებოდით", - თქვა მან.
დანილოვის თქმით, რუსეთს ზელენსკის მკვლელობის თავხედური და მარტივი გეგმა ჰქონდა.
"გეგმა იყო საკმაოდ მარტივი და თავხედური: უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის განადგურება. ეს იყო მათი ნომერ პირველი საკითხი და იყო რამდენიმე მცდელობა ამასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ 22 თებერვალს, დაახლოებით 19:20 საათზე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს შესაძლოა უახლოეს მომავალში მომხდარიყო", - განაცხადა დანილოვმა.
დანილოვის თქმით, ამის შემდეგ [ზელენსკის მკვლელობის] კიდევ 4 მცდელობა განხორციელდა.
"შემდეგ იყო კიდევ ოთხი მცდელობა, ბოლო იყო 7 მარტს - მაშინ მივიღეთ ინფორმაცია ჩვენი პარტნიორებისგან, სადაზვერვო უწყებებისგან, რომ მსგავსი ოპერაცია იგეგმებოდა", - თქვა მან.
დანილოვის განცხადებით, არსებობს ვარაუდები, თუ ვის ამზადებდა რუსეთის უკრაინის ლიდერობისთვის.
"ეს არ არის მედვედჩუკი ან იანუკოვიჩი. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ესენი არიან ფორმიანი ადანიამები", - დასძინა მან.
რუსეთის ხელისუფლებას არ გაუკეთებია კომენტარი პრეზიდენტ ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაციის განზრახვის შესახებ. ომის დასაწყისში კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ძალაუფლების შეცვლის განზრახვა არ აქვს. თუმცა, 25 თებერვალს, თავად ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა უკრაინელ სამხედროებს, "აეღოთ ძალაუფლება საკუთარ ხელში".