საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ დასავლეთ საქართველოში პროფკავშირების ლიდერებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრები გაცნობითი ხასიათის იყო და ორგანიზაციაში ახალი პრეზიდენტის არჩევას და სამომავლო გეგმებს უკავშირდებოდა.
კობახიძე იმყოფებოდა ქუთაისის, სამტრედის, ხარაგაულის, თერჯოლის, ხონის, ვანის რაიონულ ორგანიზაციებში. ორგანიზაციის პრეზიდენტმა პედაგოგთა პროფკავშირის რეგიონალურ წარმომადგენლებს გააცნო ხედვა ორგანიზაციის კრიზისიდან ამოყვანის შესახებ და თუ როგორი უნდა იყოს ორგანიზაცია მომავალში.
კობახიძემ პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის ლიდერებს მოუწოდა კოორდინირებული მუშაობისკენ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობისკენ.
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტად მაია კობახიძე 30 ოქტომბერს, მე-6 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობაზე, 203 დელეგატიდან 111-მა აირჩია.
არჩევნების პროცესს აკვირდებოდა მასწავლებელთა მსოფლიო ორგანიზაცია, განათლების ინტერნაციონალი, რომლებმაც არჩევნებთან დაკავშირებით დასკვნაც გამოაქვეყნეს.