როდესაც გლობალური საზოგადოება რუსეთის სასტიკი ომის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით დგას, ჩვენ ვიხსენებთ ქართველი ხალხის გმირულ საქციელს საკუთარი ენის შესანარჩუნებლად, ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას რუსეთის რევანშიზმის წინააღმდეგ და თქვენი მომავლისა და პარტნიორების თავისუფლად არჩევის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაში, რომელსაც დედაენის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„1978 წლის 14 აპრილს, ქართველი ხალხი საკუთარი ენის, კულტურისა და ღირებულებების დასაცავად საბჭოთა ოკუპანტებს წინ აღუდგა. როდესაც საბჭოთა ხელისუფლება ქართული ენის ოფიციალური სტატუსის გაუქმებით დაიმუქრა, ათობით ათასი ქართველი საპროტესტო სვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქალაქის ცენტრში, პარკისკენ გაემართა. ეს პარკი დღეს „დედა ენის” სახელს ატარებს, როგორც სიმბოლო სიმამაცისა, ქართული ენის უძლეველობისა და ქართველი ხალხის ურყევი დამოუკიდებლობისა.
1978 წლის დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია იყო. ამას მალევე მოჰყვა აქციები სომხეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. 1991 წელს ამ უწყვეტმა იმპულსმა საბჭოთა მმართველობის ქვეშ მყოფ ბევრ ქვეყანას თავისუფლება მოუტანა.
30 წლის წინ, ამერიკელი ხალხი დადგა ყველას გვერდით, ვინც მოსკოვის წინააღმდეგ იბრძოდა დამოუკიდებლობის, უნიკალური კულტურისა და ენის დასაცავად. დღეს, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ პატივი მივაგოთ გმირებს, რომლებსაც ეყოთ გამბედაობა, შეწინააღმდეგებოდნენ აგრესიას და თავგანწირვით ებრძოლათ საკუთარი კულტურისა და ღირებულებების დასაცავად. ჩვენ კვლავ ვხედავთ მოსკოვის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს საკუთარი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მაშინ, როდესაც გლობალური საზოგადოება რუსეთის სასტიკი ომის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით დგას, ჩვენ ვიხსენებთ ქართველი ხალხის გმირულ საქციელს საკუთარი ენის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას რუსეთის რევანშიზმის წინააღმდეგ და თქვენი მომავლისა და პარტნიორების თავისუფლად არჩევის მხარდასაჭერად“,- აცხადებს კელი დეგნანი.