მარიუპოლში 36-ე დანაყოფის "აზოვის პოლკთან" შეერთების დროს საზღვაო ქვეითების ნაწილი ტყვედ ჩავარდა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა დაადასტურა.
ამასთან, მან უარყო რუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ათასზე მეტი დატყვევებულის შესახებ.
მისი თქმით, დატყვევებული საზღვაო ქვეითების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
"ნაწილი [36-ე ბრიგადის] წავიდა "აზოვთან" შესაერთებლად, ნაწილი კი სხვა ადგილის გასარღვევად, რადგან ისინი გაიყვნენ და გადაწყვეტილებები სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს. ის ნაწილი, რომელიც სხვა მიმართულებით წავიდა, მოექცა საარტილერიო და საავიაციო დარტყმების ქვეშ, დაკარგა ძალიან ბევრი ადამიანი და ბრძოლის დროს ტყვდ ჩავარდა", - განუცხადა არესტოვიჩმა მედიას.
მისივე თქმით, დანაყოფის ნაწილმა, რომელმაც ალყა გაარღვია და "აზოვის" პოლკს შეუერთდა, კვლავ მზად არის ბრძოლის გასაგრძელებლად. განხორციელებული ოპერაციის შედეგად კი მარიუპოლის თავდაცვა გაძლიერდა.
"ეს ძალიან ძლიერი სამხედრო ქმედებაა. დანაყოფი ორი დღის განმავლობაში გადიოდა მარშრუტს. ის გადიოდა ოკუპირებულ ტერიტორიას... "აზოვი" უზრუნველყოფდა ამ მარშრუტს", - აღნიშნა არესტოვიჩმა.
შეგახსენებთ, გუშინ არესტივიჩმა განაცხადა, რომ ალყაში მოქცეულ მარიუპოლში საზღვაო ქვეითების 36-ე დანაყოფმა რთული და სარისკო მანევრის შემდეგ ალყა გაარღვია და "აზოვის" პოლკს შეუერთდა.