უკრაინის ხელისუფლება კლავინდებურად უარყოფს რუსული მხარის მტკიცებას, რომ მარიუპოლის დამცველი ათასზე მეტი უკრაინელი საზღვაო ქვეითი ტყვედ ჩაბარდა.
BBC-სთან ინტერვიუში მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთის მტკიცება სინამდვილეს არ შეესაბამება.
მისი თქმით, უკრაინის ძალები კვლავ აკონტროლებენ ქალაქის რამდენიმე რაიონს. "ისინი [რუსეთის ჯარები] ვერ აკონტროლებენ ჩვენს პორტს. ისინი ვერ აკონტროლებენ [მეტალურგიულ ქარხანა] "აზოვსტალს", - განაცხადა ანდრიუშჩენკომ.
მისი თქმით, რუსეთის არმიამ ასევე ვერ შეძლო აღმოსავლეთ რაიონის ლევობერეჟნის ნახევარზე კონტროლის დამყარება, ასევე ქალაქის ჩრდილოეთით პრიმორსკის რაიონის დიდი ნაწილისა და ცენტრალური ნაწილის ნახევრის დაკავება.
ამასთან ცნობები, ქალაქში სასტიკი ბრძოლების შესახებ დაადასტურა პენტაგონის მაღალი რანგის წარმომადგენელმაც. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ მარიუპოლს მიიჩნევს ტერიტორიად, რომლის კონტროლიც სადაოა.
მანამდე, რუსეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარიუპოლში 36-ე დანაყოფის 1000-ზე მეტი საზღვაო ქვეითი ტყვედ ჩაბარდა. თუმცა უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, 36-ე დანაყოფმა რთული და რისკის შემცველი სპეცოპერაციის შედეგად, ალყა გაარღვია და "აზოვის" პოლკს შეუერთდა.