სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა კარიმ ხანმა ქალაქ ბუჩის ნახვის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის მთელი ტერიტორია, შესაძლოა დანაშაულების ჩადენის ადგილად მივიჩნიოთ.
"ჩვენ აქ იმიტომ ვიმყოფებით, რომ გვაქვს ვარაუდის საფუძველი, რომ აქ ჩადენილია დანაშაულები, რომლებიც შესაძლოა, ჩვენი სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოექცეს. ჩვენ მოგვიწევს გავფანტოთ ომის ნისლი, რათა ჭეშმარიტებამდე მივიდეთ. ამას კი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება სჭირდება", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
კარიმ ხანის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტების ჯგუფი ბუჩაში მუშაობას უკვე შეუდგა.
ქალაქ ბუჩის მერი ანატოლი ფედორუკი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ 403 მშვიდობიანი ადამიანია მოკლული. მისივე თქმით, ათეულობით ადამიანი უგზოუკვლოდ არის დაკარგული, ასევე არსებობს რამდენიმე საერთო სამარხი, საიდანაც ცხედრების ექსჰუმაციის პროცედურა უახლოეს დღეებში დაიწყება.
რუსეთი ბუჩის ხოცვა-ჟლეტას პროვოკაციასა და ინსცენირებას უწოდებს.