შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის, პენტაგონის განცხადებით, რუსეთის მიერ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქის დაბომბვის ფონზე, უკრაინული ძალები აგრძელებენ მარიუპოლისთვის ბრძოლას. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
"დღეის მდგომარეობით, ჩვენი შეფასებით, მარიუპოლი კვლავ სადავოა და უკრაინელები განაგრძობენ ბრძოლას, რათა ქალაქი დაიცვან რუსეთის მიერ ხელში ჩაგდებისგან", - თქვა კირბიმ.
"ჩვენ ყველამ ბნახეთ ეს კადრები, ვნახეთ ნგრევა, რომელიც რუსეთის ავიაციამ მიაყენა მარიუპოლს, მაგრამ ჩვენი შეფასებით, უკრაინელები კვლავ იბრძვიან ქალაქის დასაცავად", - დასძინა მან.
კირბიმ აღნიშნა, რომ რუსებს სურთ მარიუპოლის აღება მისი, როგორც მთავარი საპორტო ქალაქის "სტრატეგიული მდებარეობის" გამო.
"ეს მათ მისცემს შეუფერხებელ სახმელეთო წვდომას დონბასსა და ყირიმს შორის", - თქვა კირბიმ და დასძინა, რომ ქალაქის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის.
"ეს მათი [უკრაინელები] ქალაქი და მათი ქვეყნის ნაწილია და მათ არ მიუტოვებიათ იგი", - დასძინა კირბიმ.