გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს კიევში ჩასვლა სურს, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მისი დანახვა არ უნდა. ამის შესახებ გამოცემა Bild-ი იუწყება.
Bild-ის ინფორმაციით, შტაინმაიერს სურს უკრაინაში ევროკავშირის სხვა ქვეყნების სამთავრობო დელეგაციებთან ერთად 13 აპრილს ჩავიდეს.
თუმცა, გამოცემის ცნობით, პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრა არ სურს წარსულში რუსეთთან შტაინმაიერის მჭიდრო ურთიეთობების გამო.
"ყველამ ვიცით რუსეთთან შტაინმაიერის მჭიდრო კავშირების შესახებ, რომელიც ასევე ცნობილი იყო შტაინმაიერის ფორმულით. დღეს მას კიევში არ მიესალმებიან. ვნახოთ შეიცვლება თუ არა ეს პოზიცია", - განუცხადა გამოცემას უკრაინელმა დიპლომატმა.
Bild-ის ინფორმაციით, კიევიდან გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაციას აცნობეს, რომ ამ მომენტისთვის შეხვედრისთვის მზად არ არიან, თუმცა მომავალში ვიზიტის შესაძლებლობა არ გამორიცხეს.
შტაინმაიერი პოლონეთში იმყოფება, სადაც ის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შეხვდა, ვიზიტის მთავარი საკითხი უკრაინაში რუსეთის აგრესიაა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს, შტაინმაიერს მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
ასევე შტაინმაიერი გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის აქტიური მხარდამჭერი იყო და მიიჩნევა რუსეთთან მეგობრული პოლიტიკის არქიტექტორად.
ცოტა ხნის წინ გერმანიის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მისი პოლიტიკა რუსეთთან ურთიერთობებში შეცდომა იყო.