ბრიტანეთის პოლიცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს და მის ცოლს კერის, ლოკდაუნის დროს, დაუნინგ-სტრიტზე გამართულ წვეულებაში მონაწილეობისთვის დააჯარიმებს.
"პრემიერმა დღეს მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ პოლიცია მის დაჯარიმებას აპირებს. სხვა დეტალები არ ვრცელდება", - ციტირებს ბრიტანული მედია დაუნინგ-სტრიტის წარმომადგენლის სიტყვებს.
მისივე ცნობით, დაჯარიმების შესახებ შეტყობინება მიიღო დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მდივანმა რიში სუნაკმაც.
ჯონსონმა ბრიტანეთის მთავრობის აპარატის უფროსი თანამშრომლის სიუ გრეის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ დაუნინგ-სტრიტზე სკანდალური წვეულების შესახებ, ბოდიში მოიხადა.
2020-2021 წლებში დაუნინ-სტრიტზე სავარაუდოდ, რამდენიმე წვეულება გაიმართა, იმ დროს, როდესაც ლონდონში პანდემიის გამო მკაცრი ლოკდაუნი იყო გამოცხადებული.
კონკრეტულად, 2021 წლის 16 აპრილს, ბრიტანელი საჯარო მოხელეები ორ სხვადასხვა ღონისძიებაზე შეიკრიბნენ, რომელიც ადმინსიტაციაში კომუნიკაციების ყოფილი დირექტორის ჯეიმს სლეკისა და ჯონსონის ერთ-ერთი პირადი ფოტოგრაფის სამსახურის დასრულებისადმი იყო მიძღვნილი.
ამის გარდა, მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის მაისში ლოკდაუნის მიუხედავად, სამთავრობო რეზიდენციაში ორგანიზებული იყო კიდევ ერთი წვეულება. პრემიერმა ამ ღონისძიებაში მონაწილეობის გამო პარლამენტში ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ თავიდან სიტუაციაში ვერ გაერკვა და ეს მხოლოდ „სამუშაო ღონისძიებად“ მიიჩნია.
წვეულებებთან დაკავშირებულმა ინფორმაციებმა ბრიტანეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია