„რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ჩვენ ერთმანეთი, სხვადასხვა მხარეს, ჩვენს შვილებს ვალდებული ვართ შევუქმნათ ის გარემო, რომლისთვისაც თავი გასწირეს საქართველოს მოქალაქეებმა, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა და ჩვენმა უკრაინელმა მეგობრემა. თუ ჩვენ ამ მისიას ვერ შევასრულებთ, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს, არცერთ მხარეს არ აპატიებს ჩვენი მომავალი თაობა.
კითხვარი არის გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტიის ერთგულება. ნებისმიერი ვინც, ევროინტეგრაციის გზაზე იქნება საქართველოს დაბრკოლება, ეს იქნება საქართველოს და თითოეული ჩვენთაგანის მტერი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რეფორმების გატარებაა.
„ევროკავშირისთვის გვჭირდება სასამართლოს რეფორმის საგზაო რუკა, ადამიანის უფლებების დაცვა, ძალაუფლების გადანაწილება, უკრაინის ძალიან ერთგული და პირდაპირი მხარდაჭერა. თუ რაიმით შეფასდება ჩვენი ევროპული მომავალი, პირველ რიგში, ეს იქნება ზუსტად უკრაინის მხარდაჭერა,“ - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.