36-ე დანაყოფის საზღვაო ქვეითები, რომლებიც მარიუპოლს რუსი დამპყრობლებისგან იცავენ, გაავრცელეს ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობენ, რომ მათ თავიანთი პოზიციები არ მიუტოვებიათ.
ვიდეომიმართვა "1+1"-ის ჟურნალისტმა ნატალია ნაგორნაიამ გაავრცელა. მისი განმარტებით აღნიშნული ვიდეო 36-ე დანაყოფის საზღვაო ქეითებმა მიაწოდეს და ის მარიუპოლში დღეს, დილით 5 საათზეა ჩაწერილი.
"დიდება უკრაინას! ჩვენ მარიუპოლის დამცველები ვართ, 36-ე დანაყოფის საზღვაო ქვეითები, რომლებიც იცავდნენ და დაიცავენ ამ ქალაქს. ჩვენ არ დაგვითმია პოზიციები. ჩვენ ვიცავდით ქალაქის ყოველ ნაჭერს შეძლებისდაგვარად. მაგრამ რეალობა ასეთია, ქალაქი ნამდვილად ბლოკადაშია. ალყაში - და საბრძოლო მასალა და სურსათი არ მიგვიღია. ვიცავდით ბოლომდე. ჩვენ მადლიერნი ვართ თითოეული უკრაინელს, რომელსაც სჯეროდა და სჯერა საზღვაო ქვეითების. ამ რწმენით ვდგავართ ამდენ ხანს, ჩვენ არ დაგვითმია პოზიციები. ჩვენ ვიყავით და ყოველთვის ვიქნებით ერთგულნი. ყოველ უკრაინელს უნდა ახსოვდეს ამ წინააღმდეგობის ფასი, დაასრულოს, ბოლომდე მიიყვანოს გამარჯვება.უკრაინა, ევროპა, მსოფლიო... გამარჯვების რწმენით, ჩვენ ყოველთვის ერთგულნი ვართ, ბოლომდე ერთგულნი ვართ“, -ა მბობენ საზღვაო ქვეითები ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, გუშინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი სადაც, თითქოს უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფი წერდა, რომ მარიუპოლისთვის "უკანასკნელი ბრძოლისთვის" ემზადება და ტყვია-წამალი უმთავრდება.
ქალაქ მარიუპოლის მერის თანაშემწემ, პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ საზღვაო ქვეითების ფეისბუქზე გამოქვეყნებული განცხადება ყალბია, რადგან მათი გვერდი გატეხილია.