ქალაქ მარიუპოლის მერის თანაშემწე, პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ საზღვაო ქვეითების Facebook-ზე გამოქვეყნებული განცხადება ყალბია, რადგან მათი გვერდი გატეხილია.
"გამოქვეყნებული ინფორმაცია არის ფეიკი... 36-ე დანაყოფის ანგარიში გატეხეს. ყველაფერი, რაც იქ რუსულად გამოქვეყნდა არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია საზოგადოების შედომაში შეყვანისა და რუსეთის დანაშაულის უკრაინის ხელმძღვანელობაზე გადაბრალების მიზნით... ინფორმაცია იარაღია. არ მისცეთ საშუალება მას ჩვენს წინააღმდეგ იმუშაოს", - წერს ანდრიუშჩენკო.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება მარიუპოლის დაცვისთვის შესაძლებელს და შეუძლებელს აკეთებს.
„გრძელდება მარიუპოლის დაცვა. კომუნიკაცია თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან, რომლებიც გმირულად აკავებენ ქალაქს, სტაბილურია და შენარჩუნებულია. ხაზს ვუსვამ. რომ თავდაცვითი ოპერაციები საჯარო განხილვის თემას არ წარმოადგენს. ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებელს და შეუძლებელს გამარჯვებისთვის, პირადი შემადგენლობისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად ყველა მიმართულებით“, - წერს ზალუჟნი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, მანამდე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი სადაც, თითქოს უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფი წერდა, რომ მარიუპოლისთვის "უკანასკნელი ბრძოლისთვის" ემზადება და ტყვია-წამალი უმთავრდება.