დღეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ღირშესანიშნავი დღე. ჩვენ დღეს მივიღეთ ევროკავშირისგან ის კითხვარი, რომელსაც ალბათ არ ველოდით რამდენიმე წელი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მიღებასთან დაკავშირებით დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ეს არის არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რაც გაუჩნდა საქართველოს.
„ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას და ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად უნდა ვუმადლოდეთ ამას უკრაინას და უკრაინის ბრძოლას. რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა, ყოველ შემთხვევაში, არ დადგებოდა ასე სწრაფად და როდის დადგებოდა ეს დღე, ამას ვერავინ იტყოდა. ევროკავშირმა, გამომდინარე ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან, გადაწყვეტილება მიიღო, რომ აეჩქარებინა ეს პროცესი და გაეხადა უფრო პოლიტიკური, ვიდრე ბიოროკრატიული. ეს იყო ის, რაც გავიგე, როცა ვიყავი ბრიუსელში და შემდეგ გადავიდა რეალობაში, დღეს ვხედავთ, რომ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს გადაეცა ეს კითხვარი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე განმარტებით, ეს არ არის მხოლოდ კითხვარი, არამედ არის დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისთვის.
„ეს არ არის მხოლოდ კითხვარი და ამაზე კი და არას პასუხი. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ დღეს ყველა ვართ პასუხისმგებელი შემდეგი თაობის წინაშე. ჩვენ ან შევძლებთ, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, ან ვერ შევძლებთ. ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, არავინ სხვაზე. ამიტომ ამისთვის უნდა იყოს მობილიზებული ყველა ძალები. ეს არის ის საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება რომელიმე ერთი ჯგუფის გადაწყვეტილებებით და ძალისხმევით. თუ რამეს ჰქვია ეროვნული, ეს არის ეროვნული საქმე, ეს არის ეროვნული ინტერესი და მე არ წარმომიდგენია, რომ ასეთი უდიდესი ეროვნული საქმის მიმართ, რომელზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრებიც, პირველი დამოუკიდებლობიდან, არ ვიყოთ გაერთიანებული ყველანი – იქნება ეს საქართველოს მოსახლეობა, რომელიც არის გაერთიანებული ამ საკითხის ირგვლივ, თუ მთლიანად პოლიტიკური სპექტრი იმის მიუხედავად, ვინ რა გააკეთა, ვინ მეორეს რას აბრალებს. აქ ჩვენი მომავალია სასწორზე და გადავწყვიტოთ, ამ მოკლე პერიოდში, რაც მოცემულია, როგორ გვინდა, ჩვენ კითხვარს ვუპასუხოთ.
ეს კითხვარი ეხება საქართველოს, როგორ არის დღეს, რა პრობლემები და მიღწევები არსებობს. ეს არის შედეგი რეალურად. გუშინწინ ვიყავით აქ შეკრებილი, 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის კიდევ ერთხელ გახსენების დღე იყო, ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრიობის კუთხით. ეს 31 წელი იმიტომ იყო, რომ ამ დღემდე მივსულიყავით და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ამ დღეს არ მივუდგეთ სრული, არამხოლოდ სერიოზულობით, მაგრამ სრული ერთსულოვნებით. ვინც ამის ირგვლივ არ არის გაერთიანებული, ის საქართველოს ირგვლივ არ არის გაერთიანებული. მას არ სჯერა საქართველოს მომავლის. ამიტომ მინდა, მოგიწოდოთ ყველას, ქალაქში, თუ სოფელში, მოსახლეობა, პოლიტიკური პარტიები, ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, ეს არის ეროვნული თანხმობა, ეროვნული ინტერესი ამ მიზნის ირგვლივ და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ეს შეგვიძლია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა.