რუსი ოკუპანტები ამზადებენ სააგიტაციო მასალებს, რათა დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარონ "ხერსონის სახალხო რესპუბლიკის" გამოსაცხადებლად. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
"ქალაქ ნოვაია კახოვკაში (ხერსონის ოლქი) ოკუპანტები იყენებენ ადგილობრივ სტამბებს, სააგიტაციო მასალების (ბროშურების, ბუკლეტების, პლაკატების, ბლანკების) დასამზადებლად და გეგმავენ "რეფერენდუმის ჩატარებას ე.წ. ხერსონის სახალხო რესპუბლიკის" გამოცხადების მიზნით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
დროებით ოკუპირებული ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე ე.წ. რეფრენდუმის ჩატარების გეგმების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 12 მარტს ხერსონის საოლქო საბჭოს ყოფილმა დეპუტატმა სერგეი ხლანმა გაავრცელა, რომელიც ამჟამად ტერიტორიული თავდაცვის შემადგენლობაში მსახურობს.
ხლანის ინფორმაციით, ოკუპანტები ტელეფონით უკავშირდებიან ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატებს და მათთან თანამშრმლობას მოითხოვენ.