ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელიმ განაცხადა, რომ რუსეთთან ომი ბრძოლის ველზე იქნება მოგებული.
მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინას დამატებით დახმარებას გამოუყოფს.
"ამ ომს ბრძოლის ველზე მოიგებენ. ევროკავშირისგან დამატებით 500 მლნ ევრო გზაშია. იარაღის მიწოდება უკრაინის საჭიროებაზე იქნება მორგებული"; - წერს ბორელი Twitter-ზე.
მისი განცხადებით, რუსეთის სასტიკი თავდასხმა დაუცველ ადამიანებზე კრამატორსკში კიდევ ერთხელ ადასტურებს კრემლის სრულ უპატივცემულობას ადამიანის სიცოცხლის მიმართ.
"ეს მხოლოდ გააძლიერებას უკრაინის მიმართ ჩვენს მხარდაჭრას", - წერს ბორელი.
ამასთან, ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს წნეხი რუსეთზე.
"ჩვენ უკვე დავაწესეთ მასშტაბური სანქციები, მაგრამ აუცილებელია უფრო მეტის გაკეთება ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის ნავთობის სფეროში. ორშაბათს მოვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს, რათა განვიხილოთ შემდეგი ნაბიჯები", - აღნიშნა ბორელიმ.