იაპონია ქვეყნიდან აძევებს რუსეთის 8 დიპლომატს. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა.
ამ გადაწყვეტილებით, ტოკიო უერთდება დასავლეთის ქვეყნებს, რომლებმაც მსგავსი ნაბიჯები გადადგეს ბუჩაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულების შემდეგ.
მოელიან, რომ უახლოეს ხანებში იაპონია უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააფართოებს.
მედიის ცნობით, იაპონიის პრემიერ მინისტრი ფუმიო კიშიდა დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე, სავარაუდოდ, გამოაცხადებს დამატებით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის ნახშირის იმპორტის შეზღუდვას.
მანამდე, რუსი დიპლომატები გააძევეს ევროკავშირმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, დანიამ, შვედეთმა, რუმინეთმა, პორტუგალიამ, საბერძნეთმა, ნორვეგიამ, ლუქსემბურგმა, ესპანეთმა, მონტენეგრომ და სხვებმა.
ლიეტუვამ და ლატვიამ, ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის გამო, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევა გადაწყვიტეს. შედეგად, რიგამ და ვილნიუსმა რუსეთის ელჩები გააძევეს და მათი ელჩები მოსკოვიდან გამოიხმეს.
რუსეთი აცხადებს, რომ დიპლომატების გაძევებას შესაბამისად უპასუხებს.