უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განმარტეს, რატომ არ უთხრეს უკრაინის მოსახლეობას, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა გარდაუვალი იყო, იმის მიუხედავად, რომ კრემლის გეგმების შესახებ ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე იცოდნენ.
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს "ყოვლისმომცველი ქაოსის" თავიდან აცილების მიზნით გაკეთდა.
მისი თქმით, უკრაინამ სარწმუნო მტკიცებულება მიიღო, რომ რუსეთი შეჭრისთვის დეკემბრის დასაწყისში ემზადებოდა. ამასთან, კონკრეტული თარიღი ცნობილი არ იყო.
ამავდროულად უკრაინამ თავდაცვისთვის მზადება დაიწყო. მობილიზებული იყო რეზერვი, ტარდებოდა წვრთნები, მიმდინარეობდა მუშაობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
ამავე დროს ხელისუფლებამ გადაწყვიტა უკრაინელებისთვის არ ეთქვა, რომ ომი გარდაუვალია, რადგან ეს ონფორმაცია ქვეყნიდან მოქალაქეების მასობრივი გასვლის პროვოცირებას მოახდენდა.
არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ 8-დან 12 მილიონამდე ლტოლვილი დაბლოკავდა საავტომობილო გზებს და უკრაინის არმიას არ მისცემდა შესაძლებლობას გასულიყო თავდაცის ხაზებზე. ეს კი აგრესორსა და მისი "ბლიცკრიგის" გეგმებს დაეხმარებოდა.
"ვერაფრით გავართმევდით თავს ამ სიტუაციას და ერთდერთი გამოსავალი დაგვრჩებოდა, ჩვენივე მოქალაქეებისათვის ტანკებით გადავლა, მათი დაცხრილვა, ხიდებზე რომ გადავსულიყავით. რა გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო?" - აღნიშნა არესტოვიჩმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ცუდსა და უარესს შორის არჩევანი უნდა გაეკეთებინა. ნებისმიერი სცენარის მიხედვით კი, რომელსაც ქვეყნის მთავრობა განიხილავდა, სახელმწიფო ვერ გაუძლებდა, თუ უკრაინელებს გარდაუვალი ომის შესახებ ინფორმაციას აცნობებდა.