საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა. იუწყება პარლამენტის პრესსამსახური.
მათი ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ყოველთა სომეხთა კათალიკოსმა შეხვედრაზე ქართველ და სომეხ ერებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს.
"საუბარი შეეხო კულტურის სფეროში 2022-2024 წლებში თანამშრომლობის პროგრამის ხელმოწერასთან დაკავშირებით, 2021 წლის დეკემბერში საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებას.
შალვა პაპუაშვილმა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, რეგიონული დიალოგის ხელშეწყობა გააგრძელოს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. დელეგაციის შემადგენლობაში გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.
მანამდე, შალვა პაპუაშვილი სომხეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.