რუმინეთმა და სლოვენიამ 10-ზე მეტ რუსი დიპლომატი გააძევეს.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა და განუცხადა, რომ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულია ბუქარესტში რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელი, რადგან მათი საქმიანობა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება.
ამასთან, უწყებამ მკაცრად დაგმო ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები.
რუსეთის ელჩი დაიბარა სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და პროტესტი გამოუცხადა ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის გამო.
"პარტნიორებთან, მოკავშირეებთან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ერთად სლოვენია ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ შემაძრწუნებელ დანაშაულებში დამნაშავეებმა პასუხი აგონ"“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, რუსეთის ელჩს უწყებაში აცნობეს, რომ საელჩოს თანამშრომელთა შტატი შემცირდება და მოსკოვში სლოვენიის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობას გაუთანაბრდება.
მანამდე, რუსი დიპლომატები გააძევეს ევროკავშირმა, გერმანიამ საფრანგეთმა, იტალიამ, დანიამ, შვედეთმა და ესპანეთმა.
ლიეტუვამ და ლატვიამ, ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის გამო, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევა გადაწყვიტეს. შედეგად, რიგამ და ვილნიუსმა რუსეთის ელჩები გააძევეს და მათი ელჩები მოსკოვიდან გამოიხმეს.
რუსეთი აცხადებს, რომ დიპლომატების გაძევებას შესაბამისად უპასუხებს.