პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰან ხაჩატურიანს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ისტორიულ და მეგობრულ ურთიერთობებს.
"საქართველო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრეა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ მინისტრის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სამ ქვეყანას შორის დიალოგს", - აღნიშნა შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ.
მხარეებმა ასევე გამოხატეს მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსაც შეხვდა.
"შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მეგობრულ კავშირებსა და თანამშრომლობაზე.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების რისკების და გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ორი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობა იყოს მჭიდრო", - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრები გაიმართა შალვა პაპუაშვილის სომხეთის რესპუბლიკაში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.
დელეგაციის შემადგენლობაში გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.