იტალიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 30 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.
დი მაიოს განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს და დიპლომატების გაძევების თაობაზე ნოტა გადასცეს.
"ღონისძიება შეთანხმებულია ევროპელ და ატლანტიკურ პარტნიორებთან. ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო და მიმდინარე კრიზისის კონტექსტში, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი აგრესიით", - განაცხადა დი მაიომ.
იტალიის გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა გამოეხმაურა.
"მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს რომის გადაწყვეტილებას 30 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ. შესაბამის პასუხს გავცემთ", - თქვა მან.
მანამდე, რუსი დიპლომატები გააძევეს საფრანგეთმა და გერმანიამ. ბერლინის გადაწყვეტილებით გერმანიის დატოვება 40 რუს დიპლომატს მოუწევს, ხოლო პარიზმა 35 რუს დიპლომატს უბრძანა ქვეყნის დატოვება.
უფრო ადრე, ლიეტუვამ და ლატვიამ, ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის გამო, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევა გადაწყვიტეს. შედეგად, რიგამ და ვილნიუსმა რუსეთის ელჩები გააძევეს და მათი ელჩები მოსკოვიდან გამოიხმეს.