შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა, ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, კომენტარი გააკეთა უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტმა ნედ პრაისს ჰკითხა, ფლობს თუ არა ინფორმაციას ამერიკული მხარე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე და რა შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთისთთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებას შეეცდებიან.
ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას მჭიდრო კონტაქტის აქვთ საქართველოს მთავრობასთან. მისივე თქმით, თავად არ არის იმ პოზიციაში, რომ ხსენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით კონკრეტული განმარტება გააკეთოს.
"მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ არსებითად ვისაუბრო თქვენს მიერ ნახსენებ ბრალდებებზე. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე გასულ კვირას, თუმცა ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, თუ რას ნიშნავს რუსეთის აგრესია, მათ შორის რუსეთის მცდელობები, წაგლიჯოს სუვერენული ტერიტორიები. ჩვენ ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, მათ შორის მნიშვნელოვანი კენჭისყრების დროს გაერო-ში იმის საწინააღმდეგოდ, რასაც კრემლი უკრაინაში ახორციელებს. ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში ჩვენს კოლეგებთან მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით და გავაგრძელებთ მათთან მჭიდრო კონტაქტზე ყოფნას", – განაცხადა ნედ პრაისმა.
ამასთან, ნედ პრაისმა, კონკრეტული ქვეყნის მითითების გარეშე, კიდევ ერთხელ გაახმოვანა აშშ-ის მთავრობის პოზიცია, რომლის თანახმადაც, ქვეყნები, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით ეცდებიან მხარი დაუჭირონ კრემლს და მის საომარ ძალისხმევას ფინანსური ან სამხედრო თვალსაზრისით, "შედეგების წინაშე დადგებიან".
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფენ გამოთქმულ ბრალდებებს.