გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რუსეთის მიმართ პოლიტიკაში თავისი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები აღიარა. იუწყება სააგენტო dpa.
"ჩემი ერთგულება გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მიმართ აშკარა შეცდომა იყო", - განაცხადა მან. შტაინმაიერმა ასევე აღიარა, რომ შეცდომა იყო "რუსეთის მონაწილეობით საერთოევროპული სახლის შექმნა და რუსეთის ჩართვის მცდელობა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში".
შტაინმაიერს ბოლო პერიოდში აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის ამ დრომდე თავის არასწორ გათვლებზე არ საუბრობდა, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდთან დაკავშირებით.
გერმანიის პრეზიდენტის თქმით, მისი შეცდომა იყო, რომ ვერ წარმოიდგინა, რომ "იმპერიული სიგიჟით შეპყრობილი ვლადიმირ პუტინი წავიდოდა თავისი ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მორალურ განადგურებაზე".
შტაინმაიერმა რუსეთის პრეზიდენტს დააკისრა პასუხისმგებლობა და პირობა დადო, რომ პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში "რუსეთთან ომამდე არსებული სტატუს კვო აღარ დაბრუნდება".