საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას ტყუილს და მიუღებელს უწოდებს.
"მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტყუილია! ამ ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნიდან, განსაკუთრებით ამ პირობებში, სრულიად მიუღებელია", - წერს შალვა პაპუაშვილი.
მანამდე, უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ცნობას, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება" უწოდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით "საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში".
მოგვიანებით, უკრაინის ვიცე-პრემიერი გამოეხმაურა აღნიშნულ განცხადებას და დაეთანხმა დაზვერვის მიერ გავრცელებულ ცნობას.