უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც კვირას, 3 აპრილს გაიმართა, პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პარტია FIDESZ - უნგრეთის სამოქალაქო კავშირი იმარჯვებს, რომელიც ქვეყანას 12 წელია მართავს.
ბიულეტენების 98%-ის დათვლის შემდეგ, ორბანის პარტიამ ხმების 53%-ზე მეტი მიიღო. ექვსი ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა ბლოკმა, რომელსაც პიტერ მარკი-ზაი ხელმძღვანელობს, ამომრჩეველთა 35% მიიმხრო.
ამრიგად, მმართველ პარტიას შეუძლია ერთპალატიან პარლამენტში 199 ადგილიდან 135-ის იმედი ჰქონდეს, ხოლო ოპოზიციურ ბლოკს - 56 მანდატის.
ვიქტორ ორბანმა არჩევნებში გამარჯვებულად თავი უკვე გამოაცხადა და ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.
"ჩვენი გამარჯვება იმდენად დიდია, რომ თქვენ მთვარედან შეგიძლიათ დაინახოთ, რომ არაფერი ვთქვათ ბრიუსელზე", - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
ბოლო ხანებია, ორბანი მუდმივ კონფლიქტშია ევროკავშირთან. კრიტიკოსები უნგრეთის პრემიერ-მინისტრს საყვედურობენ იმის გამო, რომ ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ზღუდავს მედიის თავისუფლებას და სასამართლოს დამოუკიდებლობას. გარდა ამისა, ორბანს ბრალს დებენ კორუფციასა და ევროკავშირის სახსრების გაფლანგვაში. ევროკომისია უარს ამბობს უნგრეთისთვის თანხის გამოყოფაზე COVID-19-ის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელი ფონდიდან, ვინაიდან ორბანს ჯერ არ მიუცია მათი სწორი ხარჯვის საიმედო გარანტიები.