„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა გაზაფხულზე „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური სიცოცხლის გამწარება და რაც შეიძლება, მისი სწრაფად დასრულებაა.
ბათუმში დღეს გამართული არჩევნების შესახებ საუბრისას, განაცხადა, რომ არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დარწმუნებული იყო, რა შედეგიც დადგებოდა.
„კი არ ველოდებოდი, პირდაპირ გეუბნებით, დარწმუნებული ვიყავი, რა შედეგიც დადგებოდა. 14 საარჩევნო უბანზე არჩევნები არ ტარდება. ბუნებრივად არ ტარდება. წარმოუდგენელია, ამხელა ადმინისტრაციულ რესურსს დაეჯახო", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირებული ხარვეზების შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი ხარვეზი არის რუსული პარტია ქვეყანაში.
„ყველაზე დიდი ხარვეზი არის რუსული პარტია ქვეყანაში. ამაზე მეტი ხარვეზი არ არსებობს. ხარვეზი არის, როცა 1 000-ზე მეტ ადამიანს გიწერენ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რომ ხმა მიაცემინონ. ისინი რეგისტრირებული იყვნენ ლანჩხუთში, ოზურგეთში, სხვადახვა მუნიციპალიტეტში იძლეოდნენ ხმას წინა არჩევნებზე და სპეციალურად ამ არჩევნებისთვის გადმოწერეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ეს არის ყველაზე დიდი ხარვეზი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა რამაზ ჯინჭარაძემ გაიმარჯვა.