გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინაზე თავდასხმით რუსეთმა მთელ მსოფლიოს ზიანი მიაყენა.
მისი თქმით, ომი აღრმავებს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო წარმოიშვა.
"მომავლის ეს განადგურება რუსეთისა და უკრაინის საზღვრებს სცდება", - განაცხადა შოლცმა 2 აპრილს, ესენში სოციალ-დემოკრატიული პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრაზე.
როგორც კანცლერმა აღნიშნა, პუტინი მიყვება წინა საუკუნეების იმპერიალისტურ ხედვას, თუმცა მან სწორად ვერ გათვალა.
შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინა ახლაც და მომავალშიც მიიღებს დახმარებას, მათ შორის თავდაცვის იარაღსაც. ამასთან აღნიშნა, რომ დემოკრატიული სამყაროს ქვეყნებმა სწრაფი რაეგირება მოახდინეს და რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს.
შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, არამხოლოდ სიკვდილი და ნგრევა მოაქვს უკრაინაში, არამედ რუსეთის მიმავალსაც ანგრევს.
"ეს პრეზიდენტ პუტინის დიდი, დიდი შეცდომაა", - აღნიშნა შოლცმა. შოლცმა პირობა დადო, რომ ყველაფერი გაკეთდება, რომ ომი დასრულდეს და ევროპაში აღდგეს მსოფლიო წესრიგი, რომლის დროსაც საზღვრები აღარასდროს დაირღვევა.