ყველა თანხმდება, რომ სანქციებს არ აქვს ომის მყისიერად შეჩერების ეფექტი, ვინაიდან საუბარი გვაქვს რუსეთზე, რომელსაც აქვს გარკვეული თვითკმარი რესურსები და ამიტომ მყისიერ ეფექტს ეს სანქციები ვერ ახდენენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.
"ეს განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა, როდესაც სანქციების პირველი ტალღა გამოაცხადა და იქვე დასძინა, რომ ეს ამ წუთას ომს ვერ შეაჩერებს, ეს დიდ ფასს დაუწესებს რუსეთს გრძელვადიან პერსპექტივაში და ამიტომ დააფიქრებს რამდენად უღირს მას ეს ომი. სამწუხაროდ ომს სანქციები ვერ აჩერებს, თუმცა ეს თავისთავად ზიანს აყენებს აგრესორ ქვეყანას.
რაც შეეხება ჩვენს სანქციებს, ამას საერთოდ არანაირი ეფექტი არ ექნება რუსეთზე. სუფთა ეკონომიკურად რომ შევხედოთ, ეს რუსეთისთვის იქნება ჩვეულებრივად სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში. სანქციებს მერე მოჰყვება კონტრსანქციები და უკვე ვნახეთ განცხადებები რუსეთის მხრიდან. ამიტომ, ჩვენი დამოკიდებულება სრულად ესმით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ესკალაციაზე წასვლა ნიშნავს სანქციების დაწესება და ესკალაციის ბოლოს არის შეიარაღებული კონფლიქტი. ეს უსაფრთხოების სიტუაციის შეფასება, ძალიან კარგად ესმით როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში, სამწუხაროა, რომ ჩვენთან შიდაპოლიტიკის საკითხად გახადეს ეს საკითხი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.