სტრასბურგის სასამართლომ საბოლოოდ დაადასტურა, რომ სააკაშვილის მიმართ მოპყრობისა და მკურნალობაზე კითხვის ნიშანი არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანია წარმოებდა და საინფორმაციო კუთხით მდგომარეობის დასამძიმებლად ტერმინი - ფარმაკოლოგიური წამება გამოიგონეს.
„სტრასბურგის სასამართლოს დამოკიდებულება აქ ცალსახაა. დროებითი ღონისძიება სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა, ვინაიდან მაშინვე დარწმუნდა, რომ სათანადო მოპყრობა იყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ამით საბოლოოდ დაადასტურა, რომ მის მიმართ მოპყრობისა და მკურნალობის შესახებ კითხვის ნიშანი არ არსებობს.
სამწუხაროა, რომ ჩვენთან კიდევ ერთხელ ხდება ყველა ასეთი სახის საკითხით მანიპულაცია. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავდით, რომ იყო ყალბი სამედიცინო დასკვნები, გამოიგონეს ტერმინი - ფარმაკოლოგიური წამება და ა.შ. ვრწმუნდებით, რომ ეს იყო დეზინფორმაციული და ყალბი კამპანია, რომელსაც, სამწუხაროდ, აწარმოებს სხვადასხვა ორგანიზაცია, რომელთა რეპუტაციაც სწორედ ასეთი საქმეებითაა ცნობილი. ისინი აყალბებენ სამედიცინო დასკვნებს, თუ მონაცემებს. კიდევ ერთხელ გავიხსენებ ე.წ. ფარმაკოლოგიური წამება - ტერმინიც კი გამოიგონეს, რათა საინფორმაციო კუთხით მდგომარეობა დაემძიმებინათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს, იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი პენიტენციურ სისტემაში მისი მკურნალობისა და მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით.
მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა და უწყება ევროპული სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა. სააკაშვილის განცხადებით, სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.