რატომ გახდა მაინც და მაინც საყვედურების ადრესატი საქართველო მაშინ, როცა უფრო მეტი „სასაყვედურო“ შეიძლება უკრაინას სხვა არაერთი სახელმწიფოს მიმართ ჰქონდეს, - კითხულობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე.
მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ სანქციების გამოუყენებლობაზე საქართველოს ესაუბრებიან და საყვედურობენ მაშინ, როცა რუსეთიდან ევროპაში მიმავალი გაზის უზარმაზარი მაგისტრალი, რომლითაც მთელი ევროპა მარაგდება, უკრაინის ტერიტორიაზე გადის.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განცხადება უკრაინის ხელისუფლების მიმართ კრიტიკის ნიშნებისგან დაცლილია, რადგან ასეთი განწყობა არ მაქვს, გარკვეული ლოგიკური კითხვები ელჩის გაწვევაზე როგორც საქართველოში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასევე უკრაინაშიც, მოსახლეობაში ისმის. მაგალითად, რატომ გახდა მაინც და მაინც საყვედურების ადრესატი საქართველო მაშინ, როცა უფრო მეტი „სასაყვედურო“ შეიძლება უკრაინას სხვა არაერთი სახელმწიფოს მიმართ ჰქონდეს. სანქციების გამოუყენებლობაზე საქართველოს ესაუბრებიან და საყვედურობენ მაშინ, როცა რუსეთიდან ევროპაში მიმავალი გაზის უზარმაზარი მაგისტრალი, რომლითაც მთელი ევროპა მარაგდება, უკრაინის ტერიტორიაზე გადის - დღემდე და უწყვეტად. არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად უნდა შეწყდეს, მაგრამ როცა საქართველოს საყვედურს ეუბნებიან და სიფრთხილის გამოუჩენლობას სთხოვენ, თავად ყველა სიფრთხილით იქცევა, ეს სამართლიანი არ არის,“ - განაცხადა სარჯველაძემ.