აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ აპირებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციას გამოიწვევს. ამის შესახებ თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა ქეით ბედინგფილდმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი გადაწყვეტილებების მიღების დროს ორ ფაქტორს ითვალისწინებს, პირველი - ეს არის შეფასება იმისა, თუ რა იქნება უფრო ეფექტიანი და სასარგებლო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. მეორე ფაქტორი კი მდგომარეობს იმაში, რომ ბაიდენი "არ ისწრაფვის ამერიკისა და რუსეთის შეიარაღებული ძალებს შორის უშუალო კონფლიქტისკენ".
ბედინგფილდის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი მსგავს გადაწყვეტილებებს არ მიიღებს. "ის არ მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც აშშ-სა და რუსეთის ძალებს შორის პირდაპირ კონფლიქტს გამოიწვევს", - დასძინა ბედინგფილდმა.
ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ "აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობა და მასშტაბები უპრეცენდენტოა".
მან ასევე განაცხადა, რომ თეთრი სახლი არ არის მზად, მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე.
"ჩვენ უკრაინასთან მუდმივი განხილვის პროცესში ვართ, თუ როგორ დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაში. მაგრამ არ არსებობს კონკრეტული დეტალები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რომელზეც ახლა საუბარს შევძლებდი", - განაცხადა ბედინგფილდმა.
ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდმირ ზელენსკისთან გუშინ, 30 მარტს გამართულ სატელეფონო საუბრისას, განაცხადა, რომ აშშ უკრაინას 500 მლნ დოლარს გამოუყოფს.