"ჩვენმა ხელისუფლებამ, რომელიც არალეგიტიმურია, მოახერხა, რომ ასეთ დროს დაპირისპირებაშია უკრაინის ხელისუფლებასთან", - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოდან უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის გაწვევის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
"ჩემი და ჩვენი საქმე არ არის იმის გარჩევა, ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი, მითუმეტეს ისეთი ქვეყნის, რომელიც ახლა გმირულად იბრძვის და პუტინის იმპერიის მხრიდან დაბომბვის ქვეშ არის, რით არის უკმაყოფილო თუ კმაყოფილი ელჩით. მე ვიცი ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, რომელიც არალეგიტიმურია, რომელიც მე არ წარმომადგენს არც პირდაპირი გაგებით ანუ არჩევნების ლეგიტიმურობის თვალსაზრისით და არც შინაარსით, მოახერხა, რომ ასეთ დროს დაპირისპირებაშია უკრაინის ხელისუფლებასთან. ეს უნდა მოახერხო, როცა საქართველოსნაირი ქვეყნის ხელისუფლება ხარ, რომ ასეთი საჯარო გახდეს. რუსეთის ზოგიერთმა ღია სატელიტმა აარიდა ამას თავი და ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ არ ემსახურება, დამატებით ღირსების შელახვით, სამარცხვინოდ, ასევე, პრაგმატულად და ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანოდ უკრაინის ხელისუფლებასთან კონფლიქტში შესვლა მოახერხა. ეს მოახერხა თავისი ნაბიჯებით. ზოგიერთები ამარტივებენ ხოლმე ვითარებას და საუბრობენ, სანქციებს რომ პირდაპირ არ შეუერთდა, ეს არის სიცრუე. სანქციებს შეიძლება პირდაპირ არ შეუერთდე, ნაწილს არ შეუერთდე, ან ახსნა რატომ არ ვუერთდებით, მაგრამ როდესაც ერთდროულად ამბობ, რომ ნაწილობრივ უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ომი რომ თავიდან ვერ აიცილა, თან ამბობ, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას აზრი არ აქვს, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, თან ამბობ, რომ არც სანქციებს ეშველება და თან კამპანიას აწარმოებ, რომ თურმე ეს ვითარება შენი ბიზნესისთვის შესაძლებლობაა იმისა, რომ ბოროტების იმპერიის ბაზარზე შეხვიდე - სისულელეა, რაც ითქვა და თან ხელს უშლი მოხალისეებს და ყველანაირ დემონსტრირებას ახდენ იმისა, რომ ისტორიის სწორ მხარეს არ ხარ, მაშინ ამას ეს რეაქცია მოჰყვება და ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის მორალური და პოლიტიკური კატასტროფაა", - განაცხადა ბოკერიამ.