სლოვაკეთმა 35 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა გაძევებული დიპლომატების ჩანაცვლებაზე და რუსეთის საელჩოს დაავალა, პერსონალის რაოდენობა 35-ით შეამციროს.
"აღნიშნული ნაბიჯი წარმოადგენს პასუხს რუსეთის საელჩოს თანამშრომლების საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რომელიც ეწინააღმდგება ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ და სლოვაკეთის რესპუბლიკის ინტერესებს. ვწუხვართ, რომ რუსი დიპლომატების წინა გაძევების შემთხვევების შემდეგ ბოლო ორ წელიწადში, რუსეთის დიპლომატიურმა მისიამ არ გამოავლინა ინტერესი ჩვენს ტერიტორიაზე კორექტული მუშაობის მიმართ", - ნათქვამია სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, 14 მარტს სლოვაკეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება სამი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ქვეყნის სპეცსამსახურების ინფორმაციის შეფასების შემდეგ შესაძლო შპიონაჟისა და კორუფციის შესახებ.
29 მარტს რუსი დიპლომატები გააძევეს ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ირლანდიამ და ჩეხეთმაც.