საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის შესახებ ისაუბრეს. შალვა პაპუაშვილმა რობერტა მეცოლა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
"ევროპარლამენტის პრეზიდენტი დაინტერესებულია საქართველოთი. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. რობერტა მეცოლას სახით ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უჭერს მხარს",- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი ცდილობს ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს - ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.
"მივიღეთ დასტური, რომ ევროკავშირი ცდილობს ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს - ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს განაცხადი უკვე გადაგზავნილ იქნა შესაბამის დეპარტამენტებში, რომლებმაც კითხვარი უნდა შეიმუშაონ", - თქვა პაპუაშვილმა.
"სხვა დროს თუ პროცედურები გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, ახლა, სავარაუდოდ, ეს რამდენიმე კვირაში დასრულდება. გამოიგზავნება კითხვარი, რომელიც ქვეყნის შესწავლის და ანალიზის საფუძველს წარმოადგენს. სხვა მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია, თუ რამდენად დაჩქარდება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ",- დასძინა მან.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაა რუსული აგრესია უკრაინაში და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა.