"გზავნილებს, რომლებიც გვესმის მოლაპარაკებათა პლატფორმიდან, შესაძლებელია პოზიტიური ვუწოდოთ, მაგრამ ეს გზავნილები რუსული ბომბების აფეთქებებს ვერ ახშობენ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების თაობაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვითარება არ შემსუბუქებულა და მოსკოვის განცხადებების გამო თავის მოტყუება არ ღირს.
"არ გვაქვს საფუძველი ვენდოთ აგრესორი ქვეყნის სიტყვებს", - განაცხადა ზელენსკიმ
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხის წინ წამოწევა ნაადრევი იქნება.
"სანქციების შესახებ საკითხის დაყენება გამორიცხულია, ვიდრე ომი არ დასრულდება, ვიდრე არ დავიბრუნებთ იმას, რაც გვეკუთნის და ვიდრე არ აღვადგენთ სამართლიანობას", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თურქეთში გამართული მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი რადიკალურად შეამცირებს სამხედრო მოქმედებებს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქის მიმართულებით. ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, რუსეთი იწყებს კიევის ოლქიდან გარკვეული ძალების გაყვანას