შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომისა და მოსკოვისთვის საფასურის დაწესების თაობაზე ევროპელ მოკავშირეებთან ისაუბრა.
გერმანის, იტალიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან საუბრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებასა და გაძლიერებასთან დაკავშირებით.
"ჩვენ გავაგრძელებთ ძლიერი სანქციების შენარჩუნებას. გავაგრძელებთ უკრაინის სამხედრო დახმარებას, რათა მათ თავის დაცვა შეძლონ და ასევე, გავაგრძელებთ მოვლენებისთვის თვალყურუს მიდევნებას", - განაცხადა ბაიდენმა.
ამავდროულად, ბაიდენმა კომენტარი გააკეთა რუსეთის განცხადებაზე, კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების აქტივობის შემცირებასთან დაკავშირებით.
"ვნახავთ, შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც გვთავაზობენ. გავარკვევთ, რას გააკეთებენ ისინი", - განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, CNN-მა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადა, რუსეთმა დაიწყო კიევის ოლქიდან გარკვეული ძალების გაყვანა. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობის შემცირება გადაწყვიტეს.