რუსეთი კიევთან საოკუპაციო ძალების აქტივობას ამცირებს. ამის შესახებ CNN აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებზე დაყრდნობით იუწყება.
კერძოდ, აშშ-მა დააფიქსირა როგორ გადაადგილდება ჯარის ნაწილები. რუსეთის გარკვეულმა ძალებმა დაიწყეს კიევის შემოგარენიდან გასვლა და თავს იყრიან მიღწეულ პოზიციებზე უკრაინის სამხრეთით და აღმოსავლეთით.
ამასთან, ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთი ჯარების გასვლის პროცესს დაიცავს კიევის საჰაერო და საარტილერიო დაბომბვებით. ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, რუსეთმა შესაძლოა ყოველთვის დააბრუნოს ძალები, თუ ამას საბრძოლო პირობები ხელს შეუწყობს.
"დიახ, ჩვენ ვნახეთ, რომ რუსებმა დაიწყეს დაშორება კიევიდან. მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ნაკლებად გვჯერა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება ან მნიშვნელოვანი უკანდახევა. რუსები კვლავ ესხმიან კიევს საჰაერო დარტყმებით. დრო გვიჩვენებს", - თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილი კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გადის.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აქვთ სერიოზული პრობლემები გაძლიერებისა და როტაციის კუთხით.
თურქეთში გამართული მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი რადიკალურად შეამცირებს სამხედრო მოქმედებებს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქის მიმართულებით.