საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრ ჯეიმს ჰიპის შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ პარტნიორობაზე თავდაცვის სფეროში. აღინიშნა, რომ სტრატეგიული დიალოგის ფორმატმა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ახალ დონეზე გადაიყვანა.
საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აქტიურად აგრძელებს თავდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელებას, რათა თავდაცვითი შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. შეხვედრაზე განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებს. ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ძალისხმევის აუცილებლობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ესწრებოდნენ.